Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გარდაიცვალა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მედიცინის დოქტორი გია (გიორგი) ფიჩხაია.

გარდაიცვალა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მედიცინის დოქტორი გია (გიორგი) ფიჩხაია.

გია ფიჩხაია 1960 წელს დაიბადა თბილისში. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ხოლო 1987 წელს დაიცვა დისერტაცია  თერაპიის, კერძოდ კი პულმონოლოგიის დარგში. მისი სამეცნიერო ინტერესები დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მას შემდეგ რაც ის მორფოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი გახდა, მისი  მეცნიერული საქმიანობა დაუკავშირდა ნანოტექნოლოგიების, რეგენერაციული მედიცინის ბიოუსაფრთხოების სფეროს კვლევებს, ხოლო პედაგოგიური - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტს.

ის გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი შრომისუნარიანობით, იყო სტუდენტების საყვარელი ლექტორი, შთაგონებული კოლეგა და ნამდვილი მეგობარი.

2014 წლიდან დღემდე მისი ხელმძღვანელობით/თანახელმძღვანელობით მომზადებულმა 4-მა პროექტებმა მოიპოვა საგრანტო დაფინანსება. მის სახელს უკავშირდება მორფოლოგიის ინსტიტუტში ბიოქიმიური და ნანოტექნილოგიური ლაბორატორიების შექმნა.

როგორც ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ დიდი ძალისხმევა გასწია ინსტიტუტის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. მისი უშუალო ზედამხედველობით მიმდინარეობდა ინსიტუტის ექსპერიმენტული კორპუსის განახლება და აღჭურვა. მან, ოფიციალურად დაამკვიდრა ინსტიტუტში ლაბორატორიულ ცხოველებთან მუშაობის ნორმატივები და შექმნა ექსპერიმენტული კვლევების ეთიკური საბჭო, რომელიც მთელი უნივერსიტეტის მასშტაბით უწევს დახმარებას შესაბამისი პროფილის სამეცნიერო კვლევებს.

მან გამოაქვეყნა ათობით სტატია პრესტიჟულ ქართულ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, მისი კვლევები არაერთ კონფერენციაზე იყო წარმოდგენილი საქართველოში და უცხოეთში.

გია ფიჩხაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული სამედიცინო საზოგადოებისათვის, სამედიცინო განთლების და მეცნიერების სფეროსთვის, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტისთვის, მისი დიდი სამეგობროსთვის.

თარიღი: 10/07/2025